ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში ქვეწარმავალი შენიშნეს, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა
ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში ქვეწარმავალი შენიშნეს, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა

ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ამის მიზეზი ბაღის ტერიტორიაზე, შენობასთან ახლოს ქვეწარმავლის დაფიქსირება გახდა.

ქვეწარმავალი ბაღის თანამშრომელმა სასწავლო პროცესის დროს შენიშნა და ადმინისტრაციას აცნობა. ბაღში მოსწავლეები ორშაბათამდე დაითხოვეს.

როგორც მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მე-17 ბაგა-ბაღში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ შესაბამისი სამუშაოები გასულ კვირაში ჩატარდა.

„ბაღი მდინარე ოღასკურასთან ახლოს მდებარეობს. ამ პერიმეტრზე არსებულ საბავშვო ბაღებში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული სამუშაოები ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ბაღის ეზოში, შენობის კედელთან ახლოს, შენიშნულ იქნა ქვეწარმავალი, რის შემდეგაც გაერთიანების ადმინისტრაციამ ქუთაისის სადეზინფექციო სამსახურს განმეორებითი სამუშაოების ჩატარება სთხოვა“, – განუცხადა  პირველ არხს ბაღების გაერთიანების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კოორდინატორმა, მადონა უჩიძემ.

მისი თქმით, სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია და აღსაზრდელებს საფრთხე არ ემუქრებათ.

დატოვე კომენტარი