ქუთაისში ხვალ ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ქუთაისში ხვალ ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპი“ (Aigroup) ხვალ ქუთაისში პრეზენტაციას გამართავს, სადაც ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ასევე სიტყვით გამოვლენ კომპანია „აიგრუპის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი და სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია.

ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება.

პრეზენტაციაზე ასევე, მიწვეული არიან სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup)  ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

კომპანია აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე, ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები კი, წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

აიგრუპის“ ინფორმაციით, პროექტის მიზანია, თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის გააქტიურდება ავტომობილეის სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები.

აიგრუპი“ (Aigroup) პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს გლობალურად უდგება. ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ (Aigroup_ ქვეშ გაერთიანებული თითოეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ – განმარტავს კომპანიის (Aigroup) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

სპეციალური სტუმრის სტატუსით პრეზენტაციაზე მიწვეულია იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი, რომელსაც მიაჩნია, რომ საავტომობილო წარმოება წარმოადგენს მძლავრ მამოძრავებელ ძალას ნებისმიერი ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებისთვის.

„გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემებისა და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი, დიზაინერები და ინჟინრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში“, – აცხადებს, ჯან კარლო პერინი.

ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა,  გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანიის Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

დატოვე კომენტარი