ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ დავით გორგოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე და გირაოს თანხად 3 ათასი ლარი დაასახელა. დაცვის მხარემ კი ბრალდების მხარის მიერ დასახელებული თანხის შემცირება და მისი 1000 ლარით განსაზღვრა ითხოვა.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„საქმის მასალების თანახმად იკვეთება არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, დავით გორგოძის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არამედ ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ჯონი გიგანი ფიზიკურად ძალადობს დავით გორგოძეზე. გორგოძეს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. მას უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. საქმის გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, გამოიკვეთოს სხვა პირების, მათ შორის თაკო ჩარკვიანის ქმრის, ჯონი გიგანის ბრალეულობა“, -განუცხადა პირველ არხს დავით გორგოძის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.