ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ დავით გორგოძეს ბრალი ძალადობის მუხლის წარუდგინეს
ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ დავით გორგოძეს ბრალი ძალადობის მუხლის წარუდგინეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ დავით გორგოძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი დვალიშვილმა განუცხადა.

გორგოძე იმერეთის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი განიხილა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წარიმართა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილს და გიორგი კირვალიძეს ადმინისტრაციული ჯარიმა 700-700 ლარის ოდენობით დააკისრა, დავით მაჭავარიანის საქმის განხილვა კი გადაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.