ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი ივლისში 14 პროცენტით გაიზარდა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი ივლისში 14 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, 2019 წლის ივლისში აეროპორტის მომსახურებით 85 738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75 372 მგზავრი იყო.

უწყება განმარტავს, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნულ აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ორი რეისი სრულდებოდა.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით იანვარ-ივნისში 365 267 მგზავრმა ისარგებლა, რაც 130 524 მგზავრით მეტია 2018 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით (234 743 მგზავრი).