ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით, დანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით, დანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის აეროპორტიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით, დანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„2019 წლის სექტემბრიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქ. კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის პირობები!

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

• ბიომეტრიული პასპორტი
• დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
• სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
• სამოგზაურო დაზღვევა;
• მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა დანიის სამეფოს კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, უნდა შეადგენდეს ერთ დღეში (24 საათში) 350 დანიურ კრონს.

დანიის სამეფოში, ქ. კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოს მისამართი:
Kalvebod Brygge 45. 1560 Copenhagen
ტელ: (+45) 39 11 00 00
E-mail : [email protected];

საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება:
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge
სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებში (გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და ა.შ.) დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე +45 28 78 26 33
სამუშაო საათები: 09.00-17.00

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სხვა საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის დანიის სამეფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით. გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.