ქუთაისის აეროპორტი რიკოთზე დიდთოვლობის გამო მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის აეროპორტი რიკოთზე დიდთოვლობის გამო მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აეროპორტის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კოორდინაციაში არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

ამასთან, აეროპორტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს ავიაკომპანია Wizz Air-ი.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრასპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.

ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი – 06:00 საათი. გვსურს, განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დრო განსაზღვრულია და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რათა შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციაში.