ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) განცხადებას ავრცელებს
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) განცხადებას ავრცელებს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტი „ფეისბუქში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით.

ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი.

დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა.

ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას“, – აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი.