ქურთული შენაერთების წარმომადგენელი - თურქეთის არმია აფრინში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს
ქურთული შენაერთების წარმომადგენელი - თურქეთის არმია აფრინში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს

თურქეთის არმია და მოკავშირე შეიარაღებული ბანდფორმირებები სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ბომბავენ, – ამის შესახებ ქურთული შენაერთების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რეიზან ჰედუმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, თურქეთის არმიასა და მის მოკავშირეებს არავითარი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

„მეცხრე დღეა, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ თვითმფრინავებს და არმიას, რომელიც ნატო-ში სიძლიერით მეორე ადგილზეა. ათასობით ტერორისტი გვიტევს სამი მხრიდან. ამის მიუხედავად, წინააღმდეგობის გაწევას ვახერხებთ. რადგან ისინი სამხედრო წარმატებას ვერ აღწევენ, გადაწყვიტეს მშვიდობიან დასახლებებს შეუტიონ. ისინი ისტორიულ მონუმენტებსაც შეეხნენ. დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ და ამით აშინებენ ხალხს“, – აცხადებს ჰედუ.

სირიული სააგენტო სანას ცნობით, რომელიც ადგილობრივ წყაროს ეყრდნობა, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აფრინში თურქეთის საჰაერო ძალების იერიშებს 86 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 198-მა კი დაზიანებები მიიღო.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.

დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.

ამავე თემაზე თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა აფრინში მზარდი ძალადობის გამო.