„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობის პროპაგანდის ბრალდებით, თურქეთში გერმანიის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობის პროპაგანდის ბრალდებით, თურქეთში გერმანიის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის ქალაქ ელიაზიგში გერმანიის მოქალაქეს, ტაქსის მძღოლ ილჰამ ა.-ს სამი წლითა და თვენახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თურქეთის სასამართლომ ჰამბურგში მცხოვრები 46 წლის მამაკაცი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობის პროპაგანდაში ცნო დამნაშავედ. აღნიშნულ პარტიას თურქეთი, ასევე ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.

დაკავებულის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.

ილჰამ ა. გასულ თვეს თურქეთში, ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ სარიბასაკში დააკავეს, სადაც დედის მოსანახულებლად იმყოფებოდა. მას სოციალურ ქსელებში ქურთი პოლიტიკოსებისა და ლიდერების მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებაში დასდეს ბრალი, მათ შორის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერის, აბდულა ოჯალანის. თავად ილჰამი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მითითებული გვერდი „ფეისბუქში“ მას არ ეკუთვნის.