ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პატიმრობაში მყოფი 75 წლის ოჯალანის განცხადება პროქურთული „ხალხის თანასწორობის და დემოკრატიის“ პარტიის წევრებმა წაიკითხეს. აბდულა ოჯალანი 1999 წლის შემდეგ პატიმრობაშია და სასჯელს იხდის სტამბოლის მახლობლად, კუნძულ იმრალიზე.
„შიდა მიზეზების გამო 1990-იან წლებში რეალური სოციალიზმის კოლაფსმა, ქვეყანაში იდენტობის უარყოფის ეროზიამ და გამოხატვის თავისუფლების წინსვლამ გამოიწვია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მნიშვნელობის დაკარგვა. ამიტომ, მისი ანალოგების მსგავსად, მან მიაღწია სიცოცხლის ციკლის ბოლო ეტაპამდე, რამაც მისი დაშლა აუცილებელი გახადა“, – აღნიშნულია აბდულა ოჯალანის განცხადებაში.
ქურთების ლიდერის მოწოდების შესრულების შემთხვევაში ქურთულ დაჯგუფებასა და თურქეთის სახელმწიფოს შორის 40-წლიანი ომი დასრულდება.