ქურთების ლიდერი აბდულა ოჯალანი ციხიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთთან შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა
ქურთების ლიდერი აბდულა ოჯალანი ციხიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთთან შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა.
ოჯალანმა ქურთებს დემოკრატიულ პოლიტიკაზე სრული გადასვლისკენ მოუწოდა.
ამასთან, ოჯალანმა თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, შექმნას კომისია განიარაღების ზედამხედველობისა და უფრო ფართო სამშვიდობო პროცესის მართვის მიზნით.
„შეიარაღებული ბრძოლის ფაზა დასრულდა. ეს დანაკარგი კი არა, ისტორიული მოგებაა. შეიარაღებული ბრძოლის ეტაპი ახლა ნებაყოფლობით უნდა შეიცვალოს დემოკრატიული პოლიტიკისა და სამართლის ფაზით“, – განაცხადა აბდულა ოჯალანმა მიმართვაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა ჯგუფურად დაიწყეს იარაღის ჩაბარება, რაც ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავად აბდულა ოჯალანი 1999 წლის შემდეგ ციხეში იმყოფება. მას შემდეგ, რაც 1984 წელს „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK) აჯანყება დაიწყო – თავდაპირველად დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნის მიზნით – კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ღრმა სოციალური და პოლიტიკური განხეთქილებები გამოიწვია.