„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირისთვის დაცვის მხარე 500-500 ათასი ლარის გირაოს ითხოვს
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირისთვის დაცვის მხარე 500-500 ათასი ლარის გირაოს ითხოვს

ზუგდიდის რაიონული სასამართლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის – მამუკა ლაგვილავას, ირაკლი ჩხენკელისა და მანუჩარ გაბუნიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურატურა სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ირაკლი ჩხენკელისთვის გირაოს, 50 000 ლარის ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფით შეფარდებას ითხოვს. დანარჩენი ორი დაკავებულისთვის კი დაცვის მხარე ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს, რადგან მათი მტკიცებით, არ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაკავებულ ირაკლი ჩხენკელს, მამუკა ლაგვილავასა და მანუჩარ გაბუნიას ბრალი დღეს წარუდგინეს. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.