ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებიდაკავებული ერთ-ერთი პირის, ნიკოლოზ ოშაყმაშვილის ადვოკატი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 25 წლის პირი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატ მარიამ კანდელაკის ინფორმაციით, მისი კლიენტი ამ ეტაპზე სხვა დაკავებულებთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობს ამ საქმეზე დაკავებულ სხვა 12 პირს.

„მე რამდენადაც ვიცი, დაკავებულს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას, რაც გათვალსიწინებულია 223-ე პრიმა მუხლით. თუმცა ოფიციალურად არ აქვს ბრალი წარდგენილი, არ ვიცნობ საქმის მასალებს და ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევხვდი დაკავებულს. ის იყენებს დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებს. არანაირი ინფორმაცია არ აქვს სხვა დეტალებზე. არ იცნობს დანარჩენ პირებს, არ იცის მათი ვინაობა. დაკავება მოხდა დღეს დილას, მის საკუთარ ბინაში, დაახლოებით დილის ექვსის ნახევრისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კანდელაკმა.

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა.