„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი განახლდა
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი განახლდა.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს, რომელმაც დასაშვებად ცნო როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები. ამის შემდეგ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

პროცესი სამ ეტაპად არის ჩანიშნული. მოსამართლე მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძეს, ბადრი ბერიძესა და ზაალ ახვლედიანის საქმეს განიხილავს. ლავასოღლი პროცესს არ ესწრება, გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთშია, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მას დაუსწრებლად შეეფარდა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულება არ იკვეთება და ისინი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს 10 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით.

უწყების ცნობით, მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.