„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული 10 პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო იმსჯელებს ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის შესახებ, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ადვოკატების ინფორმაციით, პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ისინი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ათივე დაკავებულს ბრალი გუშინ წაუყენეს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ასევე ამბობენ, რომ დაკავებულებს არანაირი კავშირი არ აქვთ კრიმინალურ ავტორიტეტ ლავასოღლისთან. იმავეს აცხადებს თავად ლავასოღლის ადვოკატი. ალექსი კობაიძე სატელეფონო საუბრების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს 10 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით.

უწყების ცნობით, მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.