ქურდობის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს
ქურდობის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი – 1993 წელს დაბადებული გ.ზ. და 1991 წელს დაბადებული ზ.ს., ქურდობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 29 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც ტელევიზორი, ელექტროხერხი და წყლის ტუმბო მოიპარეს. ასევე, გაიტაცეს ამავე მოქალაქის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომანქანას მეორე დღეს მეზობელ სოფელში მიაკვლიეს.  პოლიციამ სხვა მოპარული ნივთები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული – გ.ზ. მხილებულია მიმდინარე წლის 11 თებერვალს სოფელ შემოქმედში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, მის მიერ სასურსათო მაღაზიაში შეგდებული საბრძოლო ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სავაჭრო ობიექტი დაზიანდა და მეპატრონეს, დაახლოებით, 4000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.