„ქურციკებმა“ „ბორჯღალოსნებს“ აჯობეს - სამხრეთ აფრიკა დამაჯერებლად დაბრუნდა #1TVSPORT
„ქურციკებმა“ „ბორჯღალოსნებს“ აჯობეს - სამხრეთ აფრიკა დამაჯერებლად დაბრუნდა #1TVSPORT

ლოფტუს ვერფელდ სთედიუმზე“ მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ 2019 წლის „მსოფლიო თასის“ შემდეგ პირველი ტესტ-მატჩი გამართა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ ნახევარში მეტწილად თანაბარი თამაში იყო. „ბორჯღალოსნები“ მეორე წუთზე თედო აბჟანდაძის საჯარიმოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძელთა პრაქტიკულად პირველივე შეტევაზე დებიუტანტმა აფელელე ფაასიმ მიითვალა პირველი სანაკრებო ლელო და „ქურციკები“ დააწინაურა.

მატჩის 30 წუთამდე ბურთს ძირითადად საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აკონტროლებდა, სამხრეთ აფრიკა კი უხეშობდა და ხშირად ჯარიმდებოდა. ამისთვის ისინი თედო აბჟანდაძემ მე-18 და 24-ე წუთებზე ზუსტი საჯარიმო დარტყმებით დასაჯა და ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ქართველი მორაგბეები ანგარიშით 9:5 იგებდნენ.

ჩამორჩენის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონები გააქტიურდნენ და სტუმრებმა მათი იერიშები წესების დარღვევის ხარჯზე არაერთხელ შეაჩერეს, რასაც ჯერ მსაჯის სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ კი ბექა საღინაძის ყვითელი ბარათით გაძევება მოჰყვა. „ქურციკებმა“ კაცნაკლულ მეტოქეს ლელოები 34-ე (მბონამბი) და 36-ე წუთებზე დაუდეს და ტაიმი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

დასკვნით 40 წუთში სამხრეთ აფრიკამ მეტოქეზე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც განსაკუთრებით პირველი ხაზის შეცვლის შემდეგ გამოიკვეთა. მეორე ტაიმის 54-ე წუთზე პირველი ლელო ვიხილეთ – ხუთმეტრიან შერკინებაში მოპოვებული მანძილის შემდეგ სმიტი თანაგუნდელებს მოეხსნა და მასპინძლებს ხუთი ქულა მოუტანა. ამას ოთხიოდ წუთში იანკისის, ხოლო 67-ე წუთზე მარქსის ლელოები მოჰყვა და მასპინძლები 31-ქულიანი სხვაობით გავიდნენ წინ – 40:9.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნესთვის მოსამზადებელი პირველი მატჩი დამაჯერებელი სხვაობით მოიგო. გუნდებს შორის მეორე მატჩი 9 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი