ქულების ამოწურვის გამო, მართვის მოწმობა 12-მა ადამიანმა დაკარგა
ქულების ამოწურვის გამო, მართვის მოწმობა 12-მა ადამიანმა დაკარგა

შსს-ს მიერ პირველი არხისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ივლისიდან, ქულათა სისტემის ამოქმედებიდან ნოემბრის ჩათვლით, ქულები გაუნულდა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა 12 პირს; 5 ქულა აქვს დარჩენილი 2 პირს; 10 ქულა აქვს დარჩენილი 14 პირს; 15 ქულა 22 პირს, 20 ქულა კი 32 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ამოქმედებული კანონის თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელ ყველა მოქალაქეს 100 ქულა დაერიცხა, საიდანაც, სხვადასხვა დარღვევების გამო, ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოკლება ხდება.

100-ქულიანი ლიმიტი მძღოლებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ, პირველ იანვრიდან კი მათ დარჩენილი ქულები გაუუქმდებათ და 100 ქულა ხელახლა დაერიცხებათ, რომელთა მოქმედების ვადაც ერთი წელია. 


ქულების ჩამოკლება მხოლოდ უშუალოდ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების საფუძველზე ხდება. ქულების ჩამოკლების მიზეზით დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელია გამოცდის ჩაბარების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართვის მოწმობის მოქმედება მომდევნო წლის პირველი იანვრიდან აღდგება.