ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება
ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება

ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ცვლილებების მიხედვით, წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის-გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ამ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამას გარდა, პროექტით, დავის უკანონო განხილვის-გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილია: ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, ინიციატივით, სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში მონაწილეობაზე, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაული.