ქსენია სობჩაკმა ვლადიმერ პუტინს იმ პირთა გათავისუფლება სთხოვა, რომელსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ
ქსენია სობჩაკმა ვლადიმერ პუტინს იმ პირთა გათავისუფლება სთხოვა, რომელსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ

რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პოლიტპატიმრების 16-კაციანი სია გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სობჩაკის თანაგუნდელ მარინა ლიტვინოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრაზე სობჩაკმა პუტინს აღნიშნული პირების გათავისუფლება სთხოვა. სიაში მოხვდნენ: ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ძმა – ოლეგ ნავალნი, რომელიც „ივ როშეს“ საქმეზეა გასამართლებული; ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი აქტივისტები ოლეგ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო; РБК-ს ჟურნალისტი ალექსანდრ სოკოლოვი და ვალერი პარფიონოვი; „იუკოსის“ ყოფილი თანამშრომელი ალექსეი პიჩუგინი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით სამუდამო სასჯელს იხდის; ასევე, ბლოგერი ვადიმ ტიუმენცევი და სხვა პირები, რომლებსაც ქსენია სობჩაკი და უფლებადმცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

როგორც მარინა ლიტვინოვიჩმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ სიას განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბორის ტიტოვმა კი, ვლადიმერ პუტინს ლონდონში მცხოვრები ბიზნესმენების სია გადასცა, რომელთა წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომლებსაც რუსეთში დაბრუნება სურთ.

ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატებს 19 მარტს შეხვდა.