ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავის შტაბში მუშაობა შესთავაზა
ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავის შტაბში მუშაობა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავის შტაბში მუშაობა შესთავაზა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას შეუზღუდავდა, ეს მათი მორიგი დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნებოდა. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ამ ბრძოლაში ბოლომდე დავრჩეთ. არჩევნების ბოიკოტი გამოსავალი არ არის. არჩევნები კვლავაც რჩება რაიმეს შეცვლის ერთადერთ შესაძლებლობად. მესმის, რომ საწყენია ალექსეისთვის, მაგრამ საერთო საქმე უფრო მნიშვნელოვანია. მე ვიწვევ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ. ვთავაზობ ალექსეი ნავალნის, გახდეს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი“, – წერს სობჩაკი სოციალურ ქსელში.

რუსეთის ცესკო-მ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორშაბათს უთხრა.
როგორც რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატად ნავალნის წარდგენა კანონის ფარგლებში მოხდა, თუმცა ის ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ნასამართლევია.

კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით, პირის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია ნასამართლობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია. ამავე მიზეზით, ცესკო-მ რეგისტრაციაში არ გაატარა ჟურნალისტი ოლეგ ლირიეც.

რუსეთის ცესკო-მ ასევე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა ბიზნესმენ სერგი პოლონსკის. კომისიაში განმარტეს, რომ მან კანდიდატად წარდგენის პროცედურა დაარღვია.

რუსეთის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი, რომელიც ცესკო-მ ​დაარეგისტრირავალდიმერ ჟირინოვსკია.
არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.