„ქრუსეიდერსი“ პირველად დამარცხდა, ავსტრალიაში „ბრამბიზი“ ლიდერობს [ვიდეო]
„ქრუსეიდერსი“ პირველად დამარცხდა, ავსტრალიაში „ბრამბიზი“ ლიდერობს [ვიდეო]

სამხრეთ ნახევარსფეროში გრძელდება „სუპერ რაგბი აოტეაროა“ და ავსტრალიური „სუპერ რაგბი“-ს გათამაშება, სადაც შესაბამისად მეშვიდე და მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

გათამაშების ახალ ზელანდიურ ვერსიაში პირველი მარცხი იწვნია ლიდერმა „ქრუსეიდერს“-მა, რომელმაც „ჰარიქეინს“-ს უმასპინძლდა და დრამატული მატჩი ორ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 32:34 დათმო. საგულისხმოა, რომ „ჯვაროსნებს“ შინ 2016 წლის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული. მათი დაუმარცხებელი სერია 36 შეხვედრას ითვლიდა და სამი წლის წინ სწორედ „ჰარიქეინს“-თან წაგების შემდეგ დაიწყო.

მეშვიდე ტურის მეორე დაპირისპირებაში ერთმანეთს „იდენ პარკზე“ ოქლენდ „ბლუზი“ და ვაიკატო „ჩიფსი“ შეხვდნენ. „ბლუზ“-მა წინა ტურში „ჯვაროსნებთან“ წააგო და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება.  ოქლენდელებმა მეტოქეს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 21:17 მოიგეს. „ბელადებმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი დათმეს, თუმცა აქედან ხუთში ბონუს ქულის აღება მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა მეტოქეს გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა.

მარცხის მიუხედავად, ახალ ზელანდიაში ლიდერი უცვლელია – „ქრუსეიდერს“-ს 19 ქულა აქვს. მეორე ადგილოსანი „ბლუზი“ მათ ორიოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეზე 16 ქულით „ჰარიქეინზია“. გათამაშების ცხრილის ბოლო ორ ადგილს „ჰაილენდერსი“ (10 ქულა) და „ჩიფსი“ (5 ქულა) იკავებენ.

საინტერესოდ წარიმართა ავსტრალიური „სუპერ რაგბი“-ს მეოთხე ტურის მატჩებიც. „ფორს“-მა შინ ფავორიტი „ბრამბიზი“ მიიღო და დიდი ანგარიშით – 24:0 დამარცხდა. ქენბერელთა მხრიდან ლელოები მატჩის სტარტზევე ტომ ვრაითმა და ირაე სიმონემ დადეს. „ფორსი“ დაცვაში კარგად თამაშობდა, მაგრამ ბურთი ძირითადად სტუმრებს ჰქონდათ და მეორე ნახევარში უპირატესობა მილერის და მაკინერნის ლელოებით გაზარდეს. შესაბამისად, „ბრამბიზი“ კვლავ დაუმარცხებელია.

„რებელსი“ „ვორათაზ“-ისთვის ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და ანგარიშით 29:10 გაიმარჯვა. მელბურნელები მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ, ორი ლელო დადეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს. გუნდის მგეზავმა მეტ ტუმუამ 19 ქულა მოიპოვა (ხუთი ჯარიმა, ორი გარდასახვა), ლელოები კი რაიან ლოურენსის და მარიკა კოროიბეტეს ანგარიშზეა. დამარცხებულ გუნდში თავი ალექს ნიუსომმა გამოიჩინა.

ოთხი ტურის შემდეგ ავსტრალიურ „ზე რაგბი“-ს დაუმარცხებელი „ბრამბიზი“ ლიდერობს. ქენბერელებს 16 ქულა აქვთ. 10 ქულით მეორე ადგილზე „რედსია“, რომელსაც ოთხი ქულით ჩამორჩებიან „რებელსი“ და „ვორათაზი“. ბოლო ადგილს ერთი ქულით „ვესტერნ ფორსი“ იკავებს.