ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

19:34, 23.07.2026

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა თავისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს.

„2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ, ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები ანდრია ლილუაშვილმა როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ანდრია ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი