ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელ ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა მას, სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახურში არ აკონკტრეტებენ, რომელ მუნიციპალიტეტზეა საუბარი, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, დაკავება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელდა.