ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ 
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ 

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გრიგოლ ივანეიშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატი სასამართლოს 400 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას, დანაშაულს არც ის აღიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.