ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია ფარულ ანთებასთან, რომელიც 43%-ით ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

16:48, 24.09.2026

თანამედროვე ცხოვრებას თან ახლავს უამრავი სტრესი და ძალაუფლება. ფინანსური საზრუნავი, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები და კლიმატის ცვლილებასა და ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან დაკავშირებული მომავლის გაურკვევლობა.

ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს. European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სტრესის მუდმივმა, ფონურმა ზეწოლამ შესაძლოა გულში ისეთი სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვიოს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს.

როცა ჩვენი სხეული ხშირად ოდნავ მაინც აღელვებულია, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი ხარისხის ქრონიკული ანთება — ანუ, როცა ჩვენი იმუნური სისტემა ყოველთვის ფხიზლადაა საფრთხის მიმართ. ეს მდგომარეობა ადრეც დაუკავშირეს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.

ახალ კვლევაში, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევრებს სურდათ დეტალურად შეესწავლათ, რა შეიძლება ყოფილიყო დაბალი ხარისხის ქრონიკული ანთების გამომწვევი და ის კონკრეტული ფიზიკური ცვლილებები, რაც მას შეიძლება გამოეწვია.

მნიშვნელოვანია, რომ მიყენებული ზიანი შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს იქამდე, ვიდრე ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა — მაგალითად, გულის შეტევა — არ შეექმნება.

„ჩვენი კვლევა უდიდესია ამ სახის კვლევებს შორის და მიუთითებს, რომ მილიონობით ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფარული ანთება, რაც ნელა ცვლის მათ გულს და იწვევს გრძელვადიან დაზიანებას — ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი დეკლან ო’რეგანი.

კვლევაში შეისწავლეს 488,079 ინდივიდის მონაცემები ბრიტანეთის კვლევითი მონაცემთა ბაზიდან, მათ შორის, გულის სკანირებები, ანთებასთან დაკავშირებული სისხლის მარკერები, გენეტიკური ინფორმაცია, სხეულში ცხიმის დონე და 169 „გარემოს მხრიდან ზემოქმედება“.

ამ ზემოქმედებებს შორის იყო სოციოეკონომიკური სტატუსი, მოწევა, ფიზიკური აქტივობა, საცხოვრებელი სახლის ზომა, მარტოსულობის დონე, შფოთვა, ძილის ჩვევები, კვება, ფინანსური სირთულეები, განქორწინება და ჰაერის დაბინძურების დონე — ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების სრული სპექტრი.

გამოიკვეთა სამი ძირითადი მიგნება.

პირველი ის, რომ უფრო ძლიერი ქრონიკული ანთება დაკავშირებული იყო გულის უფრო პატარა განყოფილებებთან და სქელ კედლებთან, ასევე, ყოველი გულისცემისას იტუმბებოდა ნაკლები სისხლი. ეს ცვლილებები შეიძლება წინ უსწრებდეს გულის უკმარისობას.

მეორე ის, რომ უფრო ძლიერი ანთება მართლაც დაკავშირებული იყო გულის შეტევისა და ინსულტის უფრო დიდ რისკთან.

ანთების დონის მიხედვით მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელიც ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა (ზედა მეხუთედი), გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული გართულების — მაგალითად, გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების ალბათობა 43%-ით მეტი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ჯგუფში (ქვედა მეხუთედი); კერძოდ, დაკვირვების პერიოდში ეს მაჩვენებლები დაახლოებით 15%-სა და 11%-ს შეადგენდა.

და მესამე მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა ორგანიზმში ანთებითი პროცესების მაღალ დონესა და სოციალურ-ეკონომიკურ არახელსაყრელ მდგომარეობასა თუ ფსიქოლოგიურ სტრესს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისი არ არის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად, მიუთითებს შესაძლო გზაზე — ყოველდღიურმა სტრესულმა ფაქტორებმა შესაძლოა ქრონიკული ანთება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გულის სტრუქტურულ ცვლილებებსა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გაზრდილ რისკთან.

„მოულოდნელი ის იყო, რომ ამდენი სოციალური ფაქტორი და მენტალური ჯანმრთელობაა დაკავშირებული ანთებასთან და გულის დაზიანებასთან, ისევე როგორც სხვა კარგად ცნობილი რისკფაქტორები, როგორიცაა მოწევა და უმოქმედობა. ასევე გამოვლინდა ძლიერი გენეტიკური ფაქტორი — ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად უფრო მდგრადი ან მოწყვლადი იყო ანთების მიერ მიყენებული ზიანისადმი, რომელსაც სხვადასხვაგვარი ცხოვრების წესი იწვევს“, — ამბობს ო’რეგანი.

კვლევამ ასევე გამოავლინა ანთებითი ცილები, რამაც შეიძლება ახსნას კავშირი ანთებასა და გულის დაზიანებას შორის, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მედიკამენტების შემუშავებისკენ, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად შეამციროს ზოგიერთი ეს ბიოლოგიური სტრესი.

კვლევის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ასევე იყოს სისხლის ტესტების შექმნა, რომლებიც გაერთიანდება გენეტიკური რისკის ქულებთან, რათა გავიგოთ, ვინ არის ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკის ქვეშ; ეს კი შეიძლება სასარგებლო იყოს ადრეული ჩარევებისთვის.

ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც თუნდაც სიღარიბეა, ძლიერ რთულია, მაგრამ მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს გულის პრობლემების შემცირების
მრავალი უფრო მარტივი გზა — მაგალითად, კვებისა და ვარჯიშის რუტინის ცვლილებები.

„ქრონიკული ანთება რთული პროცესია, მაგრამ ვიცით, რომ დაკავშირებულია ჩვენს ჯანმრთელობასთან და გამოწვეულია ცხოვრების წესისა და ეკონომიკური ფაქტორების ფართო სპექტრით; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მაღალი რისკის ქვეშ შეიძლება იყვნენ უბრალოდ გარემოცვის, ეკონომიკური სტატუსის, ოჯახის ჯანმრთელობისა და მათი ცხოვრების სტილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის უთანასწორობასთან ბრძოლა კვლავ პრობლემად რჩება, არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ანთების წინააღმდეგ, მათ შორისაა ისეთი რისკფაქტორების შემცირება, როგორიცაა მოწევა და სიმსუქნე“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი დეკლან ო’რეგანი.

კვლევა European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lms.mrc.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი