ინსულტის გადატანის შემდეგ, ადამიანებს ხშირად ექმნებათ ხელებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პრობლემები. ხშირად, ორივე ხელის ფუნქცია ერთად ქვეითდება. როცა ინსულტის მიერ ერთი მკლავი უფრო მძიმედაა დაზიანებული, ხშირად მეორის გამოყენებაც რთულდება.
ჯანმრთელი ადამიანის დომინანტ ხელთან შედარებით, ინსულტგადატანილ ადამიანს თავისი ნაკლებად დაზიანებული ხელით ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად შეიძლება სამჯერ მეტი დრო დასჭირდეს.
ეს კი იმედგაცრუების მომგვრელ რეალობას ქმნის. ადამიანები, რომლებსაც ერთი ხელის მძიმე დაზიანება აქვთ, თითქმის მთლიანად მეორე ხელით აკეთებენ ყოველდღიურ საქმეს, როგორიცაა ჭამა, ჩაცმა და საყოფაცხოვრებო ამოცანები.
როცა ეს „კარგი“ ხელი ნელა და მოუხერხებლად მუშაობს, მარტივი საქმეც კი დამღლელი და დამთრგუნველი ხდება; ამის გამო, ზოგიერთი ადამიანი ასეთ საქმეებს მთლიანად ანებებს თავს.
თუმცა, „კარგი“ ხელის გაძლიერება შესაძლებელია. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა ახალ კვლევაში დაადგინა, რომ ქრონიკული ინსულტის მქონე ადამიანებში ამ ნაკლებად დაზიანებული მკლავის ვარჯიშმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ხელის ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე მხოლოდ უფრო დაზიანებულ მკლავზე ფოკუსირებამ.
რა არის ინსულტი
ინსულტი მაშინ ხდება, როცა ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვი იბლოკება ან ხდება სისხლდენა; შესაბამისად, ტვინს ჟანგბადის მიწოდება უწყდება. ჟანგბადის გარეშე, იწყება თავის ტვინის უჯრედების დახოცვა.
ვინაიდან თავის ტვინის თითოეული ნახევარი ძირითადად სხეულის საპირისპირო მხარეს აკონტროლებს, ინსულტი ხშირად იწვევს მოძრაობის პრობლემებს სხეულის იმ მხარის საპირისპირო მხარეს, სადაც თავის ტვინი დაზიანდა. ამ მიზეზით, ინსულტის რეაბილიტაცია ტრადიციულად ფოკუსირებულია უფრო მეტად დაზიანებული მკლავის მოძრაობის აღდგენაზე.
თუმცა, გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის ორივე მხარეს შეაქვს წვლილი ორივე მკლავის მოძრაობის კონტროლში, მაგრამ ასრულებენ სხვადასხვა როლებს. შედეგად, ტვინის ერთი მხარის დაზიანებას შეუძლია დააზიანოს სხეულის ორივე მხარის მოძრაობა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტვინის დაზიანების საპირისპირო მხარეს მკლავს ხშირად აღენიშნება სერიოზული პრობლემები სისუსტის, შებოჭილობის და ნებისყოფის კონტროლის მხრივ, რაც ზღუდავს მის გამოყენებას ობიექტების მიწვდომის, დაჭერისა და მანიპულირებისთვის.
მაგრამ ხშირად ნორმალურად არაა არც მეორე მკლავი, რომელიც როგორც წესი, ინსულტის მიერ დაუზიანებლად მიიჩნევა. მრავალ ინსულტგადატანილს ამ ხელში აღენიშნება ძალის შემცირება, ნელი მოძრაობები და კოორდინაციის დაქვეითება.
ნაკლებად დაზიანებული მკლავის ვარჯიში
მკვლევართა ჯგუფს (ნეირომეცნიერები) ასეთმა დასკვნებმა გაუჩინა კითხვა: შეიძლება თუ არა ნაკლებად დაზიანებული ხელის ვარჯიში მას უკეთ მუშაობაში დაეხმაროს?
50-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებულ კლინიკურ ცდაში, ჯგუფმა შეისწავლა ქრონიკული ინსულტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ერთი ხელი მძიმედ ჰქონდათ დაზიანებული და ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად გამოუსადეგარი. ამ მხრივ, ეს ადამიანები თითქმის მთლიანად დამოკიდებული იყვნენ ნაკლებად დაზიანებულ ხელზე.
მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით მიეკუთვნენ ორიდან ერთ სარეაბილიტაციო ჯგუფს: ერთი ჯგუფი უფრო მძიმედ დაზიანებულ ხელს ავარჯიშებდა, მეორე კი ნაკლებად დაზიანებულს. ორივე ჯგუფმა გაიარა ხუთკვირიანი თერაპია, რომელიც მოიცავდა ხელის რთულ, მიზანმიმართულ მოძრაობებს, მათ შორის ვირტუალური რეალობის დავალებებს, რომლებიც შექმნილი იყო კოორდინაციისა და დროის გაუმჯობესების მიზნით.
მათთან შედარებით, ვინც უფრო მძიმედ დაზიანებულ მკლავს ავარჯიშებდა, მონაწილეები, რომლებიც ნაკლებად დაზიანებულ ხელს ავარჯიშებდნენ უფრო სწრაფები და ეფექტიანები გახდნენ ხელით ყოველდღიური საქმეების შესრულებაში, როგორიც არის პატარა ობიექტების ან ფინჯნის აწევა. ეს გაუმჯობესება ვარჯიშის დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში შენარჩუნდა.
მკვლევართა აზრით, ნაკლებად დაზიანებული მკლავის ვარჯიშის ხანგრძლივ ბენეფიტს უკუკავშირის მარტივი მარყუჟი განაპირობებს — როცა ხელი უკეთესად მუშაობს, ადამიანი მას უფრო ხშირად იყენებს და ეს დამატებითი პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მიღწევების რეალიზებას.
გადარჩენილის გაძლიერება
უკვე დიდი ხანია, ინსულტის შემდეგი რეაბილიტაცია ფოკუსირებულია მკლავზე, რომელიც უფრო აშკარად დაზიანებულია. თუმცა, მრავალ ადამიანს ამ მკლავის სრული ფუნქცია არასოდეს უბრუნდება. ისინი ეგუებიან და დამოკიდებული ხდებიან ნაკლებად დაზიანებულ ხეზე.
თუმცა, „ნაკლებად დაზიანებული“ სულაც არ ნიშნავს დაუზიანებელს. როცა ეს ხელი ერთადერთი რჩება ყოველდღიურ საქმიანობაში, მსუბუქ პრობლემებსაც კი შეიძლება დიდი შედეგები ჰქონდეს დამოუკიდებლობასა და ცხოვრების ხარისხში. ამ ხელის მუშაობის გაუმჯობესება ყოველდღიურ ამოცანათა შესრულებას ასწრაფებს, აადვილებს და ნაკლებად დამთრგუნველს ხდის.
სამომავლო კვლევები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ შევათავსოთ საუკეთესოდ ნაკლებად დაზიანებული ხელის ვარჯიში უფრო დაზიანებული ხელის სტანდარტულ თერაპიასთან და როგორ გამოვიყენოთ ეს მიდგომები სახლში ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მრავალი ინსულტგადატანილისთვის, გამოჯანმრთელება შეიძლება არ ნიშნავდეს დაკარგულის აღდგენას, მაგრამ ნიშნავდეს დარჩენილის განმტკიცებას.
კვლევა JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.



