ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციასა და დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

17:27, 20.10.2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საელჩომ, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო აშშ-ში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა.

„აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოებრივი გზისა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრის კუთხით. ელჩმა ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საიუბილეო წელს გამართული ღონისძიებების დიდ დატვირთვაზე ქართული დიასპორისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, ამ შთამბეჭდავი თარიღის აღნიშვნის თანაზიარი გამხდარიყვნენ.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) და საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი). ასევე დელეგაციის სხვა წევრებმა ისაუბრეს ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩაბრძანებულ იქნა „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა“ და ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატები. საზეიმო მიღების შემდეგ ვაშინგტონის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ წირვა აღავლინა. ვიზიტი აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ქართული დიასპორის ჩართულობით მსგავსი ღონისძიებების გამართვას მოიცავდა“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი