გაზაფხულზე „ბიბისი ერთი“ საქართველოში გადაღებულ ფილმს აჩვენებს  
გაზაფხულზე „ბიბისი ერთი“ საქართველოში გადაღებულ ფილმს აჩვენებს  

საქართველო სამოგზაურო ჟურნალ „ქონთემფორერი კლასის“ (Contemporary Class) 2019 წლის 19 ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს მონახულება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა 2019 წელი გამორჩეული იქნება.

„წელს გაზაფხულზე „ბიბისი ერთი“ (BBC 1) აჩვენებს დრამას, სახელწოდებით „ჯენლტმენი ჯეკი“ (Gentleman Jack), რომლის მთავარი გმირი ენ ლისტერი ფოთში ცხოვრობს და ქუთაისში იღუპება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, სადაც ასევე თბილისში ახალი საცურაო აუზისა და ბაკურიანში ახალი სასტუმროს გახსნაზეა ყურადღება გამახვილებული.

სტატიაში მოგზაურებს ურჩევენ, საქართველოში ვიზიტი აპრილსა და ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის მოდის კვირეულს დაამთხვიონ. ასევე, ეწვიონ ბათუმის ჯაზფესტივალს ივლისში ან მონაწილეობა მიიღონ კლასიკური ავტომობილების რალიში, რომელიც სტარტს ბათუმში იღებს და ბაქოში დასრულდება.