ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული თანხის – 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა.

აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.