ქონების ეროვნული სააგენტო - სახელმწიფომ 14 მოიჯარეს მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასზე ნაკლებად გამოსყიდვის უფლება მისცა
ქონების ეროვნული სააგენტო - სახელმწიფომ 14 მოიჯარეს მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასზე ნაკლებად გამოსყიდვის უფლება მისცა

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ 14 მოიჯარეს მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასზე ნაკლებად გამოსყიდვის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წარმატებით გრძელდება 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 14 მოიჯარეს მცხეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში მათ მიერ იჯარით აღებული 14 ერთეული, ჯამურად, 43.245 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ. უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 296 164 ლარს შეადგენს, ხოლო დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ჯამურად, 972 125 ლარად (საბაზრო ფასის 75%) საკუთრებაში გადაეცემათ. მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 274 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 337 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 26,905,363 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“, – აცხადებენ სააგენტოში.