ქომაგებმა „თელავის“ წლის ფეხბურთელები დააჯილდოვეს - გუნდი სეზონს რუსთავში დაიწყებს
ქომაგებმა „თელავის“ წლის ფეხბურთელები დააჯილდოვეს - გუნდი სეზონს რუსთავში დაიწყებს

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თურქეთში ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნებული სეზონისთვის მზადებას თელავში აგრძელებს.

საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს საწვრთნელ ბაზაზე „თელავის“ გულშემატკივრები ესტუმრნენ და ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მოახლოებული სეზონისთვის გაამხნევეს.

ამავე დროს, გუნდის ქომაგებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს – გულშემატკივართა რჩეული ცენტრალური ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი გახდა, გუნდის საუკეთესო მეგოლე კი ზედიზედ მეორედ ფლანგის შემტევი – ირაკლი რუხაძე.

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში სეზონის პირველი ტურის მატჩს კვირას, 28 თებერვალს გამართავს, მაგრამ ბოლო მომენტში შეხვედრის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა. თამაში თელავის „კავკასიონი – არენაზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მასპინძელი არენა შეიცვალა და გადაწყდა, რომ „თელავი“ „სამტრედიას“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს.