ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - „ლევანტემ“ წიტაიშვილის „გრანადა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი ქოჩორაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და „ლევანტეს“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მოთამაშეები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივემ 90 წუთი ითამაშა. ქოჩორაშვილმა 7.8 ქულა მიიღო, ხოლო წიტაიშვილმა  – 6.7.

ანგარიში 21-ე წუთზე „ლევანტემ“ გახსნა – სტუმართა კარი ბრუგემ აიღო. 58-ე წუთზე „გრანადას“ თავდამსხმელმა, ბოიემ წონასწორობა აღადგინა. 72-ე წუთზე ალგობიამ მასპინძლები ისევ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+6-ე წუთზე ქოჩორაშვილმა დააფიქსირა.

23 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 39 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა და პლეი ოფის ზონაშია, ხოლო „გრანადა“ მას ხუთი ქულით ჩამორჩება და მერვე პოზიციაზეა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს – გიორგის მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.