ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე აჭყვა ადიდდა. მდინარის კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ცენტრალურ ბაზრობაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მფლობელები.

„წყალი ნახევარ მეტრს აღწევდა. მთელი ღამე ვმუშაობდით, ადგილზე იყო სამაშველოც და მერიაც, მაგრამ ზარალს ვერ გადავურჩით. 30-მდე მაღაზია დაიტბორა, ექვსი განსაკუთრებით დაზარალდა“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გუშინ დაიტბორა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, მიმდებარე რამდენიმე ქუჩა და გილაურის დასახლება.

მეწყრული პროცესები განვითარდა რამდენიმე სოფელში. ხუცუბანში წყალმა საავტომობილი დროებითი ხიდი წაიღო. ორი ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაზარალებულებს გაეწევათ დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში.

დატოვე კომენტარი