ქობულეთში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ქობულეთში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებული ქალის დროებით საცხოვრებელში ბათუმსა და ქობულეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. თუმცა, ბრალდების მხარე – პროკურატურა ეჭვობს, რომ დაკავებულს კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

„საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს“ – განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარები ბრალდების და დაცვის მხარის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.