ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების გადაცემას ითხოვს. დღეს მათ საპროტესტო აქცია სოფლის მომიჯნავე, ჩაის ყოფილი პლანტაციების ტერიტორიაზე გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ათეულობით ჰექტარი ტერიტორია წლების წინ ერთ-ერთ ბიზნესმენს გადაეცა, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, ჩაის პლანტაციები განეახლებინა და ადგილობრივი მოსახლეობა დაესაქმებინა, თუმცა ბიზნესმენი დღემდე არ გამოჩენილა, პლანტაციები კი, გაველურდა.

„თურქეთში დადის ხალხი სამუშაოდ და ჩაის კრეფს, ახლა ეს თურქეთიც აღარ არის. რატომ უნდა ვიარო სხვაგან, როცა ამდენი ჩაი გატყიურდა და არავინ კითხულობს. თუ არ უნდა ამ კაცს, გადმოგვცეს სახელმწიფომ, მოვუვლით და გადასახადსაც გადავიხდით. აქ მოსახლეობის ნაწილს იმდენი მიწა არა აქვს, რომ მწვანილი მოიყვანოს“, – ამბობს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დალი ბერიძე.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს ბიზნესმენთან დადებულ ხელშეკრულებას.

„მან დაარღვია ყველა პირობა, სახელმწიფოს უფლება აქვს, გააუქმოს ხელშეკრულება და მიწა გადასცეს ხალხს. იურიდიულად როგორ გაფორმდება ეს თავად უნდა მოძებნონ გზა“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, სოციალური დისტანციის დაცვას. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.