ქობულეთში, სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ
ქობულეთში, სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც გუშინ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, სიმშვიდეა.

სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ.

პუნქტთან მიახლოება მედიისთვის მხოლოდ 200 მეტრიან დისტანციაზეა შესაძლებელი. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილდებიან სადისტრიბუციო და სამედიცინო ავტომანქანები.

ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი.

მირიან ქათამაძის განცხადებით, დღესაც გაგრძელდება მასობრივი თერმოსკრინინგი და მოსახლეობის გამოკვლევა.

საკარანტინო ზონის ოთხ სოფელში 11 ათასზე მეტი მოსახლეა. გუშინდელი მონაცემებით, გამოკვლეული იყო 1600-ზე მეტი.

მათგან 13 შემთხვევა არის საყურადღებო და აღნიშნული პირები, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბოლო მონაცემების შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა. არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით უკვე 355 კონტაქტია მოძიებული.

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი მუშაობს.

დატოვე კომენტარი