ქობულეთში სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა

13:22, 05.10.2018

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული.

მისივე თქმით, ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი.

„ჩვენი მედპერსონალისთვის, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურება მოქალაქეებსა და ჩამოსულ ტურისტებს, მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ახალი ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას და გაზრდის ოპერატიულობას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ახალი ცენტრი, რომელიც რეგიონში გაიხსნა. რა თქმა უნდა, ამით არ დავკმაყოფილდებით და მაღალმთიან აჭარაშიც ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

მსგავსი