ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა.

ქობულეთის „აჭარატექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, ყველა თანამშრომელს უტარდება „პისიარ“ გამოკვლევა.

„ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით, დღეს, გვიან ღამით უნდა იყოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას“,- განაცხადა გია ლომინაძემ.