ქობულეთში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის მიერ აუქციონზე გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა
ქობულეთში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის მიერ აუქციონზე გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა

აჭარის მთავრობის მიერ აუქციონზე გატანილ 27 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ქობულეთში მცხოვრები ოჯახი აცხადებს.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს და აუქციონის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან მიწის ნაკვეთი, რომელიც გასაყიდად გაიტანეს, მათი საკუთრებაა და ასეულობით წლის განმავლობაში მათი წინაპრები ფლობდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუთაისის არქივიდან გამოიტანეს ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიწა მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა.

„ყველა დოკუმენტი მოვიძიეთ, ისეთი დოკუმენტებიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯერ თურქეთის ბატონობის დროს წაგვართვეს მიწა, შემდეგ რუსეთის ბატონობის დროს და ორივე იმპერიის პირობებში სასამართლოთი მოვახერხეთ ამ მიწების დაბრუნება, შემდეგ კომუნისტებმა წაგვართვეს და დღემდე ვერ დავიკანონეთ. მოვითხოვთ აუქციონის შეჩერებას და კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას. აქ შვიდი გვარის საგვარეულო მიწაა, 100-ზე მეტი ოჯახი“, – ამბობს აქციის მონაწილე ნიკა მახაძე.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობაც გამართეს. აქციის მონაწილეებს წერილობით უპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

მათი განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი განკარგვაც შესაბამისი კანონის საფუძველზე ხორციელდება.

აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბობოყვათის ტერიტორიაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი განკარგვაც შესაბამისი კანონის საფუძველზე ხორციელდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული განვითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმით, ტერიტორიის 75 პროცენტი რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელის“ კონცეფციის საფუძველზე განხორციელდა. მოხდა ტერიტორიის შესწავლა, გარდა ამისა, განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი მომზადდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, საზოგადოების წვდომის ვალდებულებით მოხდება ბულვარის, პრომენადის, პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა და თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა“, – აღნიშნავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი