ქობულეთში დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა
ქობულეთში დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

ქობულეთში დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოში 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.