ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო-კლინიკა ბომონდი“ გაიხსნა.

კლინიკა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებს მიიღებს, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში იგი შეითავსებს ცხელებისა და „კოვიდ-19“-ის მართვის ცენტრების ფუნქციას.

თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა ერთდროულად 25-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს, ცენტრში ათი ბოქსირებული პალატაა გახსნილი.

ახალი კლინიკა დღეს აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა გახსნეს. ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ცენტრის გახსნის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ საკურორტო სეზონზე ქობულეთში ანალოგიური ცენტრის არსებობა ეპიდემიის პრევენციის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

ახალი კლინიკა ქობულეთის ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე სამ კვირაში, მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა.