ქობულეთის „შუქურას“ სატრანსფერო ბანი მოუხსნეს - გუნდი მოთამაშეებს არეგისტრირებს #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ სატრანსფერო ბანი მოუხსნეს და გუნდი უკვე ახალ მოთამაშეებს არეგისტრირებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მიხეილ აბაიშვილმა ისაუბრა.
„გასული სეზონის შემდეგ „შუქურას“ მწვრთნელების სახელფასო დავალიანება დარჩა. ამის გამო, 3 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „შუქურას“ დავალიანების გადახდის ვადა დაუწესა, მანამდე კი 6 ქულა ჩამოგვაკლო და სატრანსფერო ბანი დაგვიწესა. ამ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კი, დაბალ ლიგაში დაგვაქვეითებდნენ.
თუმცა, კლუბმა მწვრთნელების დავალიანება გადაიხადა. ახლა სადისციპლინო კომიტეტში თანხის ნაწილზე მიმდინარეობს განხილვა, სადაც დარჩენილი დავალიანება განისაზღვრება. მთავარია ისაა, რომ „შუქურამ“ დავალიანების ძირითადი ნაწილი გადაიხადა, ტრანსფერების განხორციელების უფლება მიეცა და უკვე ვარეგისტრირებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს „საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის მატჩში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხეილ აბაიშვილმა.
ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურამდე 13 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ქულების (-6) დაკლების შემდეგ 7 ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა. დღეს გუნდი ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში „საბურთალოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე ესტუმრება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.