ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა, რომლებიც სავარაუდოდ მძღოლები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავებულია 11 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის ორი მცირეწლოვანი – სამი და ხუთი წლის ბავშვები.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, გარდაცვლილები ცოლ-ქმარი იყვნენ. ქმარი ადგილზე, მისი მეუღლე კი, კლინიკაში გარდაიცვალა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, დაშავებული მცირეწლოვნები გარდაცვლილების შვილები არიან.

როგორც მიქელაძე ამბობს, გარდაცვლილი ტურისტები სავარაუდოდ, ირანელები, ან რომელიმე არაბული ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მათთან ერთად მინივენში იმყოფებოდნენ პოლონეთის მოქალაქეებიც.

„ავარიის შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი, კლინიკაში. მძიმე მდგომარეობაში არიან მათი სამი და ხუთი წლის ბავშვები. ორ ტურისტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დაშავებულთაგან ორია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ მძღოლები იყვნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ზაალ მიქელაძემ.

დაშავებულ ბავშვებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მალე გადაიყვანენ. მათ ქალა-ტვინის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დატოვე კომენტარი