ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შესაძლოა, 13 აპრილიდან განაახლოს
ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შესაძლოა, 13 აპრილიდან განაახლოს

ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა შესაძლოა, ორშაბათიდან მუშაობა განაახლოს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. ორშაბათამდე გაირკვევა იზოლაციაში მყოფ თანამშრომელთა გარდა, კლინიკის რამდენი თანამშრომელი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.

ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კიდევ 40 პირი იქნა მოძიებული, თუმცა მინისტრის განცხადებით, მათგან კვლევას რვა პირი დაექვემდებარა, რომელთა ანალიზების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, ქობულეთში ინფიცირებული ქალის 148 კონტაქტია მოძიებული, მათგან 50-ის კვლევის შედეგი დღეს დილით გახდა ცნობილი. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ქობულეთში ეპიდემიური ვითარების კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება. ხუთ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილია, მეორე კი მამა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან.