ქობულეთის ოთხ სოფელში მასობრივი სკრინინგი დასასრულს უახლოვდება, შემოწმებულია 8 300-ზე მეტი პირი
ქობულეთის ოთხ სოფელში მასობრივი სკრინინგი დასასრულს უახლოვდება, შემოწმებულია 8 300-ზე მეტი პირი

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი სკრინინგი დასასრულს უახლოვდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, შემოწმებულია 8 300-ზე მეტი პირი. ოთხივე სოფელში სულ 11 000-ზე მეტი მცხოვრებია.

შემოწმებულ პირთაგან დაფიქსირდა 25 საეჭვო შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ყველა მათგანისგან აიღეს ანალიზები და ლაბორატორიაში კვლევის შემდეგ ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

მასობრივი სკრინინგი ამ სოფლებში ხვალ დილიდან განახლდება. გარდა ამისა, გამოკვლევის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. მედიკოსები მასობრივ სკრინინგს სოფელ ოჩხამურსა და ქალაქ ქობულეთის ნაწილშიც განახორციელებენ.