ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ

13:00, 20.04.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, სასაფლაოების შესასვლელებს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოსახლეობას სასაფლაოზე გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე გადაადგილება აკრძალულია. დაწესებული აკრძალვა არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

მსგავსი