ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა
ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლების მიზეზი ტელეკომპანია „ტვ25“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გახდა. სიუჟეტის თანახმად, სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანი სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და თანამშრომლებს ხელფასს სამსახურში მისვლის გარეშე უხდიან.

როგორც სულიკო ბლადაძემ ტელეკომპანია „ტვ25“-ს განუცხადა, მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან სამსახურში თავისუფალი ადგილები იყო.

„რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი“, – ამბობს სულიკო ბლადაძე.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ სულიკო ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო.

„მის მიერ შემოთავაზებული იყო ინიციატივა, რომ დატოვებდა სანდასუფთავების სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა. გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებით მოხდა. სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში, მალე იქნება დასკვნა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საინტერესოა. გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მირიან ქათამაძე უარყოფს უწყებაში 15 ფიქტიურად დასაქმებული ადამიანის ფაქტს და აცხადებს, რომ გასული წლის აუდიტის დასკვნებში ამ მიმართულებით დარღვევები არ დაფიქსირებულა.

„ფიქტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით სიუჟეტში გამოხატულ დასკვნას და მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს მცდარი ინფორმაციაა. რა თქმა უნდა, კითხვით ნიშნები არსებობს, მაგრამ ინტერვიუში მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი არ არის. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ თანამშრომლების ნაწილი შვებულებაში იმყოფება“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში შესაძლო ფიქტიური დასაქმების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო თანხების გაფლანგვას გულისხმობს.