ქობულეთის მერიაში მცირე დაპირისპირება იყო
ქობულეთის მერიაში მცირე დაპირისპირება იყო

ქობულეთის მერიაში ხმაური იყო. ერთმანეთს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

ბაგრატიონი ამბობს, რომ მერიის შენობაში საკრებულოს წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ უშვებენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

„შენ ხარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი. შენი მოწყობილია დღევანდელი არეულობა. ეს შენობა შენი ხომ არ გგონია“, – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონმა ქობულეთის მერ მირიან ქათამაძეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უპასუხა ქობულეთის მერმა.

„ეს შენ გეგონა შენი შენობა, როცა აქ იყავი. რა ფორმით მოდიხართ, იტყუებით საკრებულოში ხელი ეშლება ვინმესო, მეორეც ეს საკრებულოა?“ – უპასუხა ბაგრატიონს ქობულეთის მერმა.

„ზონდერი“, „განგსტერი“, „უნამუსო“ –  ასე მიმართავენ ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები.

სიტყვიერი შელაპარაკება მერის კაბინეტთან მოხდა. ამჟამად ბაგრატიონი და ქობულეთის მერი კაბინეტში შევიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი.